დაბრუნება ევროპულ სააზროვნო სივრცეში – სოლომონ დოდაშვილი

ავტორები

  • დემურ ჯალაღონია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

ქართული ფილოსოფია, ფაზისი, გელათი, არეპაგეტიკული ტრადიცია, აღმოსავლური რენესანსი

ანოტაცია

ქართულ ფილოსოფია, ხანგრძლივ და მდიდარ ხუთმეტ საუკუნოვან ტრადიციას ითვლის. იგი მე-4 საუკუნიდან იწყება. ქართულმა ფილოსოფიამ და ფილოსოფიურმა აზრმა განსაკუთრებულ სიმაღლეებს XI-XII და XIX-XX საუკუნეებში მიაღწია. ქართული ფილოსოფიის დასაწყისი ემთხვევა ქრისტიანობის გავრცელების პროცესს და, ბუნებრივია, რომ ის თეოლოგიასთან მჭიდრო კავშირში ვითარდება. ირემაძე ახალი დროის ქართული ფილოსოფიის ეტაპი (XVII-XIX სს.) განპირობებული იყო ქვეყანაში წამოწყებული საგანმანათლებლო ღონისძიებებითა და აქტივობებით. ძირითადად ქართული ფილოსოფიური აზროვნება ევროპული ფილოსოფიის კლასიკოსების ნააზრევს ეზიარება, თარგმის მას და ეროვნულ გონით სპექტრში გატარებს. ქართველმა ფილოსოფოსმა სოლომონ დოდაშვილმა თავის ოცდაცამეტწლიანი ცხოვრების ურთულესი და ექსისტენციალური გზა განვლო (1805-1838). სანტკ-პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლების მანძილზე, სოლომონ დოდაშვილს მიეცა ავტორიტეტულ ევროპელ ავტორთა საუკეთესო ინტელექტუალური ნამოღვაწარის თავისუფალი გაცნობის შესაძლებლობა. ამგვარად მოახდინა მან კანტისა და შადის მიერ გამოცემული „ლოგიკის“ მასალების საფუძვლიანი დამუშავება, ასევე საფუძვლიანად დაამუშავა ფიხტეს სისტემური ნაშრომი, „მეცნიერებათ მოძღვრება“, ფრ. შლეგელის „ძველი და ახალი ლიტერატურის ისტორია“, ტიკისა და ვაკენროდერის ნაშრომები. აღნიშნული ნაწარმოებებისა და ქართული კულტურის სულიერი მემკვიდრეობის ფუნდამენტურ ორიენტირებზე დაფუძნებით დოდაშვილმა ჩამოაყალიბა ობიექტური იდეალიზმის მონისტურ პრინციპზე დამყარებული ონტოლოგიური კონცეფცია, რომელიც ახლოს დგას შელინგის იდენტობის ფილოსოფიასთან. სოლომონ დოდაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო იმ ქართველთაგან, ვინც სანტკ-პეტერბურგის უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, ევროპული ფილოსოფიის განვითარების სერიოზულ წარმატებას მიაღწია, მას მერე, რაც თავისი „ლოგიკის“ სახელმძღვანელოთი საქვეყნოდ გაითქვა სახელი. დოდაშვილი აღნიშნავს „მეცნიერების სფერო ვრცელდება იქამდე, სადამდეც ბუნების მიერ გონებისთვის მოხაზული სამოქმედო ასპარეზის საზღვრები სწვდება; მაგრამ რადგანაც ეს უნარი მოიცავს მხოლოდ იმას, რაც გრძნობასა და ცდას ექვემდებარება, ამიტომ ლოგიკას სამართლიანად შეიძლება ეწოდოს ფენომენოლოგია: ესაა მეცნიერება მოვლენების შესახებ. 1827 წელს, 22 წლის სოლომონ დოდაშვილი აქვეყნებს თავის მთავარ ნაშრომს რუსულ ენაზეგამოსცა ფილოსოფიის კურსი, ნაწილი პირველი ლოგიკა2. სოლომონ დოდაშვილმა გერმანული კლასიკური ფილოსოფიისა და ქართული ფილოსოფიური ტრადიციის საფუძველზე უაღრესად საყურადღებო სააზროვნო მოდელი შექმნა, რომელსაც სისტემური სახე მისცა. სოლომონ დოდაშვილმა ადამიანი ფილოსოფიური კვლევა-ძიების უმთავრეს საგნად აქცია. აქედან გამომდინარე, მისი ფილოსოფიის მთავარ ბირთვს ფილოსოფიური ანთროპოლოგია ქმნის. ადამიანური გონება მხოლოდ მაშინ არის თვითკმარი, როდესაც შემეცნებაში მყარ საფუძველს პოულობს, რადგან მხოლოდ ამას ეფუძნება ადამიანის მთელი არსი. ამდენად, ადამიანი არა მარტო შემეცნების მთავარი საგანია, არამედ მისი შემმეცნებელი სუბიექტიცაა. შემმეცნებელი და შესამეცნებელი ერთი და იგივე არსს წარმოადგენს. ეს სწორედ ის ძირითადი სტრუქტურაა, რომელიც დოდაშვილმა კლასიკური გერმანული ფილოსოფიის მოდელის მიხედვით შექმნა და რომელიც ფილოსოფიას კერძო მეცნიერებათაგან განასხვავებს. სოლომონ დოდაშვილმა არა მარტო ფილოსოფიის დაფუძნების საკითხს მიაქცია საგანგებო ყურადღება, არამედ გერმანული იდეალიზმზე დაყრდნობით საკუთარი სისტემაც ააგო. ქართველი ავტორი თავისი აზროვნების მთავარ ბირთვად ფილოსოფიურ ანთროპოლოგიას განიხილავდა; შესაბამისად, იგი ადამიანს გაიაზრებდა გონიერ, მოაზროვნე არსებად. ამდენად, დოდაშვილის ფილოსოფიურ სისტემაში ცენტრალური ადგილი ეკავა ადამიანსა და მის მთავარ უნარ-ჩვევებს. სოლომონ დოდაშვილის ფილოსოფიური სისტემური მონახაზი კლასიკური გერმანული ფილოსოფიის (კანტი, ფიხტე, შელინგი, ჰეგელი) სისტემურ მცდელობებს ემსგავსება, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ფილოსოფოსის მცდელობა ნაკლებად მონუმენტურია. სოლომონ დოდაშვილი ორიგინალური მოაზროვნე იყო და არა უბრალო მიმბაძველი. შ. ნუცუბიძის ადექვატური და მართებული შეფასებით, „ამ თამამად გადადგმული ნაბიჯით გაიშალა ის სიახლე, რომელიც იმთავითვე თან ახლდა ს. დოდაშვილის ნააზრევს და რომელიც დასავლეთ ევროპის ფილოსოფიის შემობრუნების მომენტს დაუკავშირდა ფიხტეს ფილოსოფიის ზოგიერთი მომენტის გამოყენებით. მის ფილოსოფიას არა მარტო ნაციონალურ, არამედ ინტერნაციონალურ კონტექსტშიც ფართო რეზონანსი ჰქონდა. ამდენად, იგი იმ ქართველ ფილოსოფოსთა რიგს მიეკუთვნება, რომელთა შემოქმედება დეტალური და სპეციალური კვლევის საგანი გახდა. შალვა ნუცუბიძის შეფასებით როდესაც ისმის რიტორიკული კითხვა იმის შესახებ, თუ რა ადგილი ეკუთვნის სოლომონ დოდაშვილს ქართული ფილოსოფიის ისტორიაში, ეს იგივე საკითხის გარკვევის ტოლფასია, თუ რა ადგილი უჭირავს მას მსოფლიო მასშტაბის ფილოსოფიურ აზროვნებაში. დოდაშვილის ფასდაუდებელი შემოქმედებითი ნამოღვაწარი, ემთხვევა კაცობრიობის ისტორიის გამორჩეულად გრანდიოზულ ეპოქას, თავისი ფუნდამენტური რევოლუციური ცვლილებებით და სოციალურ-პოლიტიკური ბატალიებით, როდესაც მიმდინარეობდა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პოლიტიკური სისტემების ფორმირება და ჩამოყალიბება.

Downloads

გამოქვეყნებული

2026-10-07

ციტირების წესი

ჯალაღონია დ. (2026). დაბრუნება ევროპულ სააზროვნო სივრცეში – სოლომონ დოდაშვილი . ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიმომხილველი, (16), 13–23. Retrieved from https://philosophy.journals.humanities.tsu.ge/index.php/philosophy/article/view/12261