„ტრანსცენდირების“ ფენომენი“ მ. ჰაიდეგერის აზროვნებაში
საკვანძო სიტყვები:
ტრანსცენდენცია, ყოფიერების გაგება, შეხვედრა, დაუფარაობა, ალეთეა, ჰაიდეგერიანოტაცია
ჰაიდეგერი შეიძლება მივიჩნიოთ კონცეპტების – „ტრანსცენდენტი“ და „ტრანსცენდენცია“ – უპირობო ბატონობის დასასრულის ეპოქის დამწყებად. ეს არის მეტაფიზიკური აზროვნების ახალი ეტაპის დასაწყისი დასავლურ ფილოსოფიაში. ჰაიდეგერის თვითმიზანი არ არის მეტაფიზიკისა და ტრანსცენდენტალიზმის უკუგდება, რომელიც ტრანსცენდენტის და ტრანსცენდენციის კონცეპტებით ოპერირებს, არამედ მათი როლისა და მნიშვნელობის განსაზღვრა ახალ მეტაფიზიკურ- ონტოლოგიურ სიტუაციაში. ჰაიდეგერის პოზიციის უკეთ გასაგებად, უნდა ითქვას, რომ მისი მიზანი არ იყო ტრანსცენდენტალიზმის უარყოფა, რასაც ადასტურებს მისი მსჯელობა ყოფიერების შესახებ, როგორც ტრანსცენდენტის. იგი მკვეთრად განასხვავებს ტრანსცენდენტსა და ტრანსცენდენციას. ის აღიარებს ტრანსცენდენციას, თუმცა აკრიტიკებს მას როგორც ტრანსცენდენტის მიღწევის გზას. ტრანსცენდენციის შინაარსი ისტორიულად იცვლებოდა. თანამედროვე აზროვნებაში მისი მიმართულება, შინაარსი, ხასიათი და შედეგები განსხვავებულია. ეს ცხადყოფს ტრანსცენდენციის შეზღუდულობას თანამედროვე ფილოსოფიური პრობლემების განხილვისას და თავიდან განსაზღვრავს მის მნიშვნელობასა და სტატუსს. ტრანსცენდენტალიზმი გონების სუბიექტურობას ტრანსცენდენციაში, ანუ გონების საკუთარი თავიდან გარეთ გასვლაში ხედავს. დღეს კი ტრანსცენდენცია, როგორც არსებულთა მიღმა გადაბიჯება, მხოლოდ არარას ხედავს და ვეღარ ახორციელებს არარაზე გადაბიჯებას. ამის საფუძველია მეტაფიზიკური სუბიექტივიზმი და ყოფიერების დავიწყება. არსებულთა მიღმა გასვლა და არარადან ყოფიერებაზე გადასვლა, ყოფიერებიდან ყოფიერების დაუფარაობაზე გადასვლა უკვე აღარ არის ტრადიციული მეტაფიზიკა. ჰაიდეგერმა ადამიანის სუბიექტურობა პრერეფლექსურ ყოფიერების გაგებაში დაინახა და არა გონების გაცნობიერებულ თეორიულ ძალისხმევაში, რომელიც საკუთარი შინაგანი სფეროს მიღმა გადაბიჯებას ცდილობს. კანტის თანახმად, ადამიანის გონებამ უნდა დაასაბუთოს მის გარეთ არსებულის არსებობა, ხოლო ჰაიდეგერისთვის ადამიანის, როგორც მუნყოფნის, არსებობის წესი არის being-in-the-world. ჰაიდეგერი ექსისტენციის სუბიექტურობას ყოფიერების ღიაობის შიგნით შეყოვნებაში და ყოფიერების ალეთეას გამოთქმაში ხედავს. ჰაიდეგერის მიხედვით, ადამიანის ყოფიერების გაგების, როგორც პრერეფლექსური გაგების, სასრულობის ონტოლოგიურ საფუძველს განსაზღვრავს არა მხოლოდ ადამიანის გონების ან ყოფიერების წესის სასრულობა, არამედ ასევე ადამიანის და ყოფიერების შეხვედრის ხასიათი – ყოფიერების დაფარულობიდან გამოსვლა (ალეთეა) და ადამიანის ყოფიერების ღიაობის ნათელში შეყოვნება. ტრანსცენდენცია შეიცვალა შეხვედრით. მისი აზრით, ყოფიერების წვდომა არ საჭიროებს ტრანსცენდენციას, როგორც გადაბიჯების ან ამქვეყნიურობის გარეთ გასვლის ფორმას, არამედ იგი ეფუძნება ყოფიერებას, როგორც ალეთეას, და მასთან როგორც ტრანსცენდენტთან შეხვედრას. ჰაიდეგერი განიხილავს ადამიანის ყოფიერების სამ ფორმას, რომელთაც განსხვავებული ონტოლოგიურ- მეტაფიზიკური სტატუსი აქვთ, როგორც ადამიანის მიერ ყოფიერების გაგების სხვადასხვა საფეხურს. ესენია: დასეინი, ექსისტენცია და დასწრებულობა. დასეინი ყოფიერების გაგების საფუძველზე, თავისი არსების საფუძველში მატრანსცენდირებელია და სწორედ ამიტომ შეუძლია მას გადააბიჯოს არსებულს და შეეჯახოს არარას, შემდეგ კი დაუბრუნდეს საკუთარ თავს, მაგრამ ექსისტენცია უკვე ადამიანის ყოფიერების სხვა მოდუსია, რომლის არსებობის წესია in-the-world-being; ადამიანი არის ექსისტენცია, რაც ნიშნავს, რომ იგი არის თავისთავის გარეთ ყოფნა. ექსისტენციისთვის, როგორც საკუთარ თავს გარეთ მყოფისთვის, ტრანსცენდენცია უკვე აღარ არის აუცილებელი, ხოლო დასწრებულობა (Anwesenheit) არის ადამიანის ყოფნის მესამე წესი, რაც ნიშნავს ყოფიერების დაფარულობიდან გამოსვლის „სასწაულზე დასწრებას“, რათა გამოითქვას იდუმალება: „არსებული არის“. ჰაიდეგერი ქმნის ახალ დიალოგს ყოფიერების შესახებ თანამედროვე აზროვნებას, ქრისტიანულ თეოლოგიასა და ანტიკურ ფილოსოფიას შორის.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2026 ყველა უფლება ეკუთვნით ავტორებს. ჟურნალი სარგებლობს პირველი, ექსკლუზიური გამოქვეყნების უფლებით, საავტორო უფლებების მიღების გარეშე.

This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.

