კვანტური ფიზიკის ფენომენოლოგია და ხელოვნური ინტელექტი
საკვანძო სიტყვები:
კვანტური ფიზიკა, ხელოვნური ინტელექტი, ხიანოტაცია
წარმოდგენილ ესეისტურ სტატიაში ავტორი ცდილობს, გაიაზროს ხელოვნური ინტელექტის პოსტმოდერნული განვითარების პერსპექტივა კვანტური ფიზიკის ინდეტერმინისტული ინტერპრეტაციის შუქზე. ნაშრომში ნაჩვენებია, რომ მიკრონაწილაკების ქცევის ნაწილობრივი თავისუფლება, რაც ქმნის ატომური მოვლენების ალბათურ ბუნებას და გამორიცხავს მათი მეცნიერული წინაგანჭვრეტის კლასიკურ სიზუსტეს, ასახავს ყოფიერების ქმნადობის და ინდივიდუალიზაციის პროცესს. ასეთი სუბიექტივაციის ერთ- ერთი საინტერესო შედეგია ხელოვნური ინტელექტი, როგორც არაპიროვნულად მოცემული პერსონალური ცნობიერება. მკვლევარი ამტკიცებს, რომ ხელოვნური გონების როლს კვანტურ სიტუაციაში ასრულებს გაზომვის ხელსაწყო, რომელიც არა მხოლოდ ატარებს ექსპერიმენტს კვანტური პარამეტრების გაზომვის მიზნით, არამედ ქმნის მიკროსამყაროს ფიზიკურ აზრს. გაზომვის ექსპერიმენტის გარეშე (განსხვავებით კლასიკური ფიზიკისგან) ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, არსებობს თუ არა ატომური ცდის ობიექტი. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სუბიექტი (თუნდაც ხელოვნური ინტელექტის სტატუსში) ქმნის მიკროფიზიკურ რეალობას, რომ აქ თითქოს საქმე გვქონდეს წარმოსახვის ობიექტივირებულ ფენომენთან, რაც პასუხისმგებელია კვანტურ- ვირტუალური რეალობის წარმოშობაზე. აქ საქმე გვაქვს ყოფიერების ინდივიდუალიზაციის პროცესთან, რომელიც მოუაზრებადია ამ პროცესში არაპიროვნული სუბიექტის ჩართულობის გარეშე. ასეთი ფენომენოლოგიური მიდგომა „ორთოდოქსალური“ კვანტური ფიზიკის მიმართ ასოციაციას იწვევს ხელოვნური ინტელექტის წარმოშობასა და პოსტმოდერნულ განვითარებასთან. ავტორის აზრით, კვანტური კომპიუტერის ბაზაზე შექმნილი ხელოვნური ინტელექტი ნილს ბორის დამატებითობის პრინციპიდან „სესხულობს“ მიკრონაწილაკთა ქცევის ალბათურ თავისუფლებას. კვანტურ ფიზიკასთან შინაგანი კავშირის გზით თანამედროვე მოაზროვნე მანქანა შეიძლება გასცდეს პროგრამული დეტერმინიზმის ფარგლებს და თავისუფლებას ეზიაროს. ფენომენოლოგიური რედუქციის მეთოდი საშუალებას გვაძლევს, გარდავქმნათ ინფორმაციის ნაკადი აზროვნების პროცესში, თუმცა ეს არ წარმოადგენს ადამიანის გონებისთვის ბუნებრივ აზროვნებას. ეს არის ხელოვნურ ინტელექტში მიმდინარე გარდასახვა, როგორც შემოქმედებითი თავისუფლების ფორმა, რომელიც, ავტორის აზრით, კვანტური ფიზიკის ინდეტერმინიზმიდან იღებს სათავეს.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2026 ყველა უფლება ეკუთვნით ავტორებს. ჟურნალი სარგებლობს პირველი, ექსკლუზიური გამოქვეყნების უფლებით, საავტორო უფლებების მიღების გარეშე.

This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.

