ჭეშმარიტება და პოლიტიკა

ავტორები

  • გიორგი გრიგოლაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

ჭეშმარიტება, ბანალურობა, ანტაგონიზმი, პოლიტიკა

ანოტაცია

წინამდებარე ნაშრომის მიზანია ჭეშმარიტების, როგორც ფილოსოფიური გონებისთვის უპირველესად არსებულის განმსაზღვრელი ნიშნების გააზრება და იმ მიმართების ფილოსოფიური ისტორიის ჭრილში რეპრეზენტაცია, რაც ჭეშმარიტების ფილოსოფიურ გაგებასა და პოლიტიკას შორის არსებობს. მსჯელობა ძირითადად ეყრდნობა XX საუკუნის ერთ-ერთი გავლენიანი ფილოსოფოსის ჰანნა არენტის ესსე ,,ჭეშმარიტება და პოლიტიკაში” განხილულ იდეებს. მიზნის მისაღწევად გამოყენებულია ფენომენოლოგიური და ჰერმენევტიკული მეთოდები. ჰერმენევტიკული მეთოდით ვუზრუნველყოფთ ჭეშმარიტების, როგორც ფილოსოფიურად არსებული მთელის მიმართების განსაზღვრას ისეთ ნაწილებთან როგორიცაა რაციონალური აზროვნება, საღი აზრი და პოლიტიკა. ჰერმენევტიკული მიდგომა მიმართულია მთელის და ნაწილის მიმართების დადგენისთვის, რომლის შედეგებიც ფენომენოლოგიური ანალიზს გახდის შესაძლებელს. ფენომენოლოგიური მეთოდით შესაძლებელი ხდება არენდტის ფილოსოფიაში ჭეშმარიტების შესაძლო პირობების განსაღვრა, რაც თავს ავლენს ავტორის მიერ ბერძნული ფილოსოფიის სიღრმისეული ანალიზის და ჰუმანურობის მისეული გაგების გავლით. ფენომენოლოგიური ანალიზისას ვითვალისწინებთ, რა იმ ფაქტს, რომ არენტის აზროვნება, ხშირად ,,დამძიმებულია” იმ ფილოსოფიური ტრადიციით, რომელმაც განსაზღვრა მისი აზროვნება და მეტყველება, ამიტომ ჭეშმარიტების ფენომენის წვდომისას რეფლექსია ასევე მიმართულია ჰუმანიზმის არსის წდვომაზე. ფენომენოლოგიური მეთოდის გამოყენებისას ასევე მნიშვნელოვანია გავიაზროთ ავტორისეული ენა, რომელიც ხშირად ხელს გვიშლის სინამდვილის უშუალო წვდომის პროცესში. ამიტომ მნიშვნელოვანი ამოცანაა არენდტისეული ,,ფილოსოფიური ენის” განმარტება. აღნიშნული ამოცანის გადაჭრის ერთ-ერთი მცდელობაა კონცეფცია ,,ბანალურობის” ძირების კვლევა და გააზრება. საკვლევი მასალის კომპლექსურობა აუცილებელს ხდის ანტიკური და განმანათლებლობის პერიოდის პოლიტიკური ფილოსოფიის მნიშვნელოვანი ნაშრომების ხელახალ წაკითხვას და გააზრებას. ამ მიზნით საჭირო გახდა პლატონის ,,გამოქვაბულის მითის” და თომას ჰობსის ,,ლევიათანის” ავტორისეული განაზრების იდენტიფიცირება და მისი ტექსტებთან შედარება. კვლევის შედეგების მიხედვით გაანალიზდა ჭეშმარიტების სხვადასხვა გამოვლინებები, დადგინდა მიმართებები ფილოსოფიურ, ფატებზე დაფუძნებულ და მეცნიერულ ჭეშმარიტებას შორის. გაანალიზდა პოლიტიკის ბუნება, რომელიც ერთის მხრივ საზრდოობს ფაქტების მიზანმიმართული გაყალბებით, მეორეს მხრივ კი ,, საღი აზრით”, რაც წარმოადგენს უმრავლესობის მოსაზრებას. გამოვლინდა ანტაგონიზმი ჭეშმარიტებასა და პოლიტიკას შორის, რომელსაც არა ისტორიული, ან ხდომილებითი არამედ ეკზისტენციური საფუძველი აქვს. ჭეშმარიტების ფილოსოფიური კონცეფციის გაანალიზების პროცესში გამოიკვეთა ის ცვლილებები, რომლის შედეგებმაც განსაზღვრა სხვადასხვა ეპოქის ეპისტემოლოგია. შედეგად თანამედროვე ეპოქაში მეცნიერული ცოდნის უპირატესობის პირობებში ფილოსოფიური და მეცნიერული ჭეშმარიტება განისაზღვრა, როგორც რაციონალური ჭეშმარიტება. გამოიკვეთა, პოლიტიკის მიმართება და გავლენა რაციონალურ ჭეშმარიტებასა და ფაქტებზე დაფუძნებულ ჭეშმარიტებას შორის. ამ მიმართების მიხედვით პოლიტიკა ორივე ტიპის ჭეშმარიტებასთან მიმართებით ანტაგონისტურ დამოკიდებულებაშია, რადგან ორივეს ბუნება ეწინააღმდეგება პოლიტიკის ბუნებას, თუმცა ასევე გამოიკვეთა, რომ ფილოსოფიური ჭეშმარიტება საკუთარ თავს აფუძნებს საჯარო სივრცის გარეთ, ამიტომ პოლიტიკას მასზე გავლენის მოხდენა მხოლოდ გარვეული დროით შეუძლია, მაშინ როცა ფაქტებზე დაფუძნებული ჭეშმარიტება საკუთარ თავს საჯარო სივრცეში აფუძნებს, რის გამოც იგი ყველაზე მოწყვლადი ხდება პოლიტიკისთვის. კვლევის შედეგების გათვალისწინებით ფილოსოფოსის მორალური ვალდებულება ლათინური ფრაზით განისაზღვრა ,,Fiat veritas, et pereat mundus”. ჭეშმარიტების დამცველის პოზიციიდან ფილოსოფოსის ნებისმიერი ქცევა ხდება პოლიტიკური მოქმედება, რომელიც ანგრევს სიცრუეზე დაფუძნებულ სამყაროს, რომელიც მოქმედი სუბიექტისთვის ეკზისტეცნიურ ზღვარზე გადის. ჭეშმარიტების მთქმელი ფილოსოფოსის პოლიტიკური მოქმედება მეტაფიზიკითაა განსაზღვრული, ამიტომ გამორიცხავს უმრავლესობისთვის სასარგებლო შედეგს, რაც მის წინააღმდეგ საზოგადოებას განაწყობს, თუმცა ეს არის ის საზღაური, რომელიც ჭეშმარიტების დამცველმა უნდა გაიღოს აზრის მარადიული სამყაროს გადარჩენისთვის.

Downloads

გამოქვეყნებული

2026-10-07