მე-ს ეთიკური არჩევანი

ავტორები

  • მაკა ლაშხია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

პლატონი, მამარდაშვილი, იდეა, სული

ანოტაცია

კვლევის მიზანია მე-სა და სხვას შორის მიმართება რამოდენიმე პრიზმიდან განვიხილოთ: მე როგორც სხვა, მე როგორც არა-მე, მე როგორც სხვისთვის არსებული და სხვა როგორც ჩემთვის არსებული. არისტოტელური „ბედნიერი ცხოვრებიდან“ ამოსვლით, რიკერი სამყაროში ადამიანთაშორის ურთიერთობას განიხილავს როგორც მისწრაფებას, სურვილს, მიდრეკილებას. რიკერის მიხედვით ეთიკა მორალისაგან განსხვავებულია. ეთიკაცა და მორალიც ზნეობის იდეის გამომხატველია იმ განსხვავებით, რომ ეთიკა ფასდება როგორც სიკეთე და განიხილება როგორც მიზანმიმართულობა, ხოლო მორალი როგორც ვალდებულება და ნორმა. რიკერი ამტკიცებს, რომ ბედნიერი ცხოვრების ცნება მხოლოდ თეორიულად არ განისაზღვრება და მეტიც, მიბმულია არჩევანთან. ეს უკანასკნელი შეიძლება იყოს როგორც აზროვნება, ასევე სიყვარული, როგორც უარყოფა და გაარარავება, ასევე მეგობრობა და სხვის ყოფნაში თანამონაწილეობა. პლატონის „სოკრატეს აპოლოგიაში“ სოკრატე სასამართლოზე ამბობს, რომ მას ჩაესმის ხოლმე იდუმალი დემონური ხმა, რომელიც უშლის იმის გაკეთებას, რაც სურს. სოკრატე, რომელიც თავის თავში სხვის მატარებელია, მიზნად ისახავს საკუთარი თავის შემეცნებას. ეს კი იმავდროულად სხვის შემეცნებასაც გულისხმობს. ფიჩინოსთან მე და სხვის ურთიერთმიმართების საკითხი განხილულია ეთიკური მიზნის - სიყვარულის - არჩევის პრიზმაში. ფიჩინო ნაშრომში De Amore, როცა ის სიყვარულზე წერს, გრძნობას კი არ გულისხმობს, რომელიც ორ ადამიანს აქვს ერთმანეთის მიმართ, არამედ მომენტს, როცა ადამიანს საკუთარი თავის დანახვა შეუძლია სხვაში. სიყვარული ის გრძნობაა, რომელიც მზერით იწყება. მისი საშუალებით შემოდის ჩემში სხვა, რაც საბოლოოდ ჩემი ავადყოფნის მიზეზი გახდება. სიყვარულის დროს ადამიანი უკვე აღარ არის „საკუთარი თავის პატრონი.“ სიყვარულში ხდება მე და სხვისი გაერთიანება ერთ არსებად, და შესაბამისად, მხოლოდ ამ გრძნობითაა შესაძლებელი ორი არსება როგორც ერთი გიყვარდეს. ფიჩინოსთან უმაღლესი ეთიკური მიზანი - სიყვარული - საკუთარ თავში სხვის, ღმერთის და საბოლოო ჯამში მე-ს შეყვარებას გულისხმობს. მე და სხვის ურთიერთობის განხილვას მრავალი ასპექტით ეხმიანება სარტრის ფილოსოფია. ფრანგი ფილოსოფოსი ნაშრომში -- ყოფნა და არარა -- განიხილავს საკუთარი ყოფნის სხვის ყოფნასთან მიმართებას და მასთან დაკავშირებულ თავისუფლების, არჩევანისა და პასუხისმგებლობის საკითხებს. სარტრის მიხედვით, თუ გვსურს ვიყოთ თავისუფალი, უნდა ავირჩიოთ ყოფნა-სამყარო-ში სხვათა პირისპირ, რაც გულისხმობს სხვათა თავისუფლების თავისუფალ აღიარებას. სარტრის მიხედვით, ამ სამყაროში მე ვარ სხვისთვის საზრისის მიმცემი იმდენად, რამდენადაც სხვა არის ჩემთვის საზრისის დამდგენი. ეს ორმხრივი პროცესია, რომელიც უპირობოდ გულისხმობს არჩევანის თავისუფლებას. პოლ რიკერთან, სხვისი შემეცნებისთვის ჯერ უნდა შეიმეცნო ა) საკუთარი თავი როგორც სხვა და ბ) სხვა როგორც საკუთარი თავი. თუ ეთიკა მე მავალდებულებს სხვა ინდივიდის პატივისცემას, ის იმასაც უშვებს, რომ მე შევიმეცნებ სხვას, როგორც საკუთარ თავს, რომელიც უნივერსალური ვალდებულებებისა და უფლებების მატარებელია.

Downloads

გამოქვეყნებული

2026-10-07