ფსიქოლოგიის საგანი და მეთოდი კანტის „ანთროპოლოგიაში“
საკვანძო სიტყვები:
პრაგმატული ანთროპოლოგია, ემპირიული ფსიქოლოგია, თვითდაკვირვება, დაკვირვებაანოტაცია
„ანთროპოლოგია პრაგმატული თვალსაზრისით“ კანტის ბოლო წიგნია, რომელიც მის სიცოცხლეში დაიბეჭდა. აღსანიშნავია, რომ კანტს ანთროპლოგია ესმის, როგორც „ემპირიული მოძღვრება სამშვინველის შესახებ“, როგორც „პრაქტიკული ადამიანთმცოდნეობა“ და ემპირიული ფსიქოლოგია. სტატიაში განხილულია „ანთროპოლოგიის“ მნიშვნელობა ფსიქოლოგიის ისტორიის თვალსაზრისით, კერძოდ, განხილულია საკითხი, თუ როგორ ესმოდა კანტს ფსიქოლოგიის საგანი და რა მეთოდს იყენებდა ის თავის „ანთროპოლოგიაში“. დისკუსიის საგანია ასევე კანტის მიერ წიგნში განხილული თემები, რომლებიც მოიცავს ადამიანის მოქმედების სხვადასხვა სფეროს და აღწერს მის ინდივიდუალურ და ეთნოფსიქოლოგიურ თავისებურებებს. წიგნი შეიცავს მაგალითებს ლიტერატურიდან, ასევე თავად ფილოსოფოსის დაკვირვებებს და სხვა მრავალ, მათ შორის ეთნოგრაფიულ მასალას. კანტი აკრიტიკებდა იმჟამად გაბატონებულ მეტაფიზიკურ-დედუქციურ ფსიქოლოგიას და უპირატესობას ანიჭებდა ემპირიულ ფსიქოლოგიას, თუმცა კარგად ხედავდა ამ უკანასკნელთან დაკავშირებულ მეთოდოლოგიურ სიძნელეებს. ემპირიული ფსიქოლოგია შინაგან გამოცდილებას და დაკვირვების მეთოდს ეყრდნობა; ის სწავლობს ადამიანთა ქცევას, მათ ჩვეულებებს, სოციალურ ურთიერთობებს და კულტურულ განსხვავებებს. ამ გზით დაგროვილ ფსიქოლოგიურ ცოდნას ეფუძნება პრაქტიკული ანთროპოლოგია. მათზე დაყრდნობით ადგენს პრაგმატული ანთროპოლოგია გარკვეულ წესებს, რომელთა სრული მოწესრიგება და სისტემაში მოყვანა ფილოსოფიის ამოცანაა. კანტის „ანთროპოლოგია“ იმ მხრივაცაა ფსიქოლოგიისთვის საინტერესო, რომ ის მოიცავს ზოგადფსიქოლოგიურ, სოციალურფსიქოლოგიურ, ჯანმრთელობისფსიქოლოგიურ თემებს, ქარაქტეროლოგიას, ფსიქოპათოლოგიას, გამოყენებითი ფსიქოლოგიის ელემენტებს. ის განიხილავს თანამედროვე ფსიქოლოგიისთვისაც ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორებიცაა: ადამიანის ცნობიერება, წარმოდგენები, შეგრძნებები, აღქმა, შემეცნების უნარი, მეხსიერება, სიზმრები, ფანტაზია, აღქმის და აზროვნების დარღვევები და სხვ. თანამედროვე ფსიქოლოგიის თვალსაზრისით კანტის წიგნი იმითაცაა საინტერესო, რომ ის ტეტენსის და ბაუმგარტენის კვალობაზე ფსიქიკური პროცესებისადმი ტრიქოტომიულ მიდგომას ეყრდნობა ანუ ფსიქიკას სამ ნაწილად ყოფს: შემეცნებად, გრძნობად და ლტოლვად. ასეთი დაყოფა არსებითად დღესაც ძალაშია ფსიქოლოგიაში. კანტს შესაძლებლად მიაჩნია ფსიქიკური პროცესების და მიმართებების კაუზალური ანალიზი, ვინაიდან ადამიანის განზრახვები, ქცევები და სხვა ფსიქიკური ფენომენები ხშირად ერთმანეთისგან გამომდინარეობენ და, შესაბამისად, კარგად ექვემდებარებიან მიზეზ-შედეგობრივ ანალიზს. თუმცა, მეთოდოლოგიური თვალსაზრისით კანტი მკაფიოდ ხედავდა შინაგანი გამოცდილების გაზომვადობის სიძნელეს. გერმანელი მკვლევარი J. Fahrenberg მიიჩნევს, რომ კანტმა სამი მიზეზის გამო ამჯობინა ანთროპოლოგიის ცნება ფსიქოლოგიისას: (1) რათა თავიდან აეცილებინა მეტაფიზიკურად დამძიმებული ტერმინი „ფსიქოლოგია“, (2) ძველი ინტროსპექციული მეთოდიდან გადასულიყო დაკვირვების მეთოდზე და (3) ხაზი გაესვა ფსიქიკის შესახებ მეცნიერების პრაგმატული მხარისთვის ანუ ადამიანის შესახებ ცოდნის პრაქტიკული ასპექტებისთვის. თუმცა კანტის ფსიქოლოგიურმა კონცეფციამ და პრაგმატულმა ანთროპოლოგიამ განხილულ თემათა მრავალფეროვნების და ფსიქოლოგიის მეთოდოლოგიის თვალსაზრისით პირდაპირი და სისტემატური გაგრძელება ვერ პოვა მის შემდგომ ფსიქოლოგიაში, მაგრამ დაკვირვებაზე დაფუძნებული ემპირიული ფსიქოლოგიის წინა პლანზე წამოწევით მან უდავოდ იქონია გავლენა ფსიქოლოგიური მეცნიერების შემდგომ განვითარებაზე და მნიშვნელოვანწილად მოახდინა მისი ანტიციპაცია.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2026 ყველა უფლება ეკუთვნით ავტორებს. ჟურნალი სარგებლობს პირველი, ექსკლუზიური გამოქვეყნების უფლებით, საავტორო უფლებების მიღების გარეშე.

This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.

