პრაგმატული რეაქციები მეცნიერულად შთაგონებულ დუალიზმზე

ანასტასია ზაქარიაძის თარგმანითა და სამეცნიერო კომენტარებით

ავტორები

  • ჯორჯ ჰერბერტ მიდი
  • ანასტასია ზაქარიაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

რეალიზმი, პრაგმატიზმი, მე, სოციალური გამოცდილება

ანოტაცია

ამერიკული პრაგმატიზმის ერთერთ ფუძემდებელს, ცნობილ ამერიკელ ფილოსოფოსს ჯორჯ ჰერბერტ მიდს (1863–1931) მიაჩნია, რომ „პრაგმატიზმი“ უპირველესად უნდა გავიგოთ პრობლემებისადმი შემოქმედებითი კონტექტუალური მიდგომიდან გამომდინარე. ეს ხედვა მას ერთის მხრივ აახლოებს დიუის, მაგრამ აშორებს პირსს, რომელსაც აბსოლუტურად არ აინტერესებს სოციალური ფილოსოფია, და ჯემზს, რომლისთვისაც სოციალური არის ფილოსოფიის პერიფერია. სოციალურობამ მიდთან შეიძინა უნივერსალური პრინციპის სახე, მასთან იგი ვლინდება და აქტივობს არა მხოლოდ ადამიანის დონეზე, არამედ ბუნების გამოვლენის ყველა ფორმაშიც. „სოციალური“ მისი პრაგმატული ფილოსოფიური სისტემის ერთერთი ცენტრალური და ამგები ცნებაა. მიდი მიიჩნევს, რომ შემეცნების საჭიროება წარმოიშობა კონკრეტული პრობლემური სიტუაციის გადაჭრის საჭიროებიდან გამომდინარე, რომელიც განსაზღვრავს გამონათქვამების, კოგნიტური ინსტრუმენტების და მოსალოდნელი შედეგების მნიშვნელობას. ჭეშმარიტების, აუცილებლობის და სიკეთის შესახებ წარმოდგენები გაჟღენთილია სოციალურობით, ნაკარნახევია პრაქტიკული ამოცანებით და ყალიბდება ადამიანთა საზოგადოებებში. მიდის პრაგმატიზმი, რომელიც მნიშვნელოვანწილად დარვინის ევოლუციონიზმის გავლენით გაფორმდა, სოციალურ ინსტიტუტებს პრაქტიკული პრობლემების გადაჭრის ინსტრუმენტებად მიიჩნევს. მიდი წინ წამოსწევს ცხოვრებისეული გამოცდილების როლს და მიიჩნევს, რომ ქცევის ხასიათს ის განაპირობებს. მიდის პრაგმატული ფილოსოფიის სისტემაში ფუძნდება „სოციალური გამოცდილების“ კონცეპტი, რომელიც ცენტრალურ ადგილს იკავებს. ჯორჯ ჰერბერტ მიდის ადრეული ესსე „პრაგმატული რეაქციები მეცნიერულად შთაგონებულ დუალიზმზე,“ მის ფუნდამენტურ ნაშრომში „აქტის ფილოსოფია“ მცირე ქვეპარაგრაფის სახითაა შესული. ჟურნალის ამ ნომერში წარმოდგენილი ეს ტექსტი ინგლისურიდან ქართულად პირველად ითარგმნა და ვრცლად კომენტირდა. წარმოდგენილ ტექსტში მიდი აკვირდება და აანალიზებს თანამედროვე აზროვნების ორ ტენდენციას, მეცნიერული დუალიზმის იმ ფორმებს, რომლებიც გონებასა და სხეულს, სუბიექტსა და ობიექტს, ანუ ცნობიერებასა და ფიზიკურ სამყაროს ხისტად ჰყოფს. როგორც პრაგმატიკოსი, მიდის უარყოფს თვალსაზრისს იმის თაობაზე, რომ გონება და სამყარო ფუნდამენტურად განსხვავებული სუბსტანციებია.
მიდის მიიჩნევს, რომ ცნობიერება არ წარმოადგენს შინაგან სამყაროს, რომელიც ცალკე მდგარია. ის ორგანიზმებსა და გარემოს შორის ურთიერთქმედების შედეგია. მიდი ცდილობს დაასაბუთოს, რომ უშუალო გამოცდილებაში არ არსებობს გონება, რეფლექსიის გაგებით, ისეთი რელაცია, რომელიც პასუხობს გონებასა და სხეულს შორის ურთიერთობას, ანუ სოციალურ ცხოველსა და მის გარემოს შორის ურთიერთობას. გარემოში არსებულ საგნებსა და ინდივიდს შორის იგივე განსხვავებაა, რაც ფიზიკურ საგნებსა და იმ ფიზიკურ ინდივიდს შორის, რომლის გარემყოფობაშიც იმყოფებიან. მიდთან განსაკუთრებული დატვირთვის მქონეა “SELF”- „მე“ . იგი სოციალურ გამოცდილებაში წარმოიქმნება. მიდს იგი ესმის როგორც ინტრაპერსონალური „მე“, ნებელობითი, ქმედითი „მე“. ზოგადად, მიდისეული „Self“ ატარებს ქმედების ორმაგ ბეჭედს: ერთი მხრივ, ის გამოხატავს ქმედების მიმართვას საკუთარ თავზე, კავშირს საკუთარ თავთან და მეორე მხრივ, მას შეუძლია გამოხატოს ქმედების ნებაყოფლობითი, ავტომატური, სპონტანური და დამოუკიდებელი ბუნება. საინტერესოა, რომ ორივე ეს მნიშვნელობა აისახება მიდის „ SELF“-ის/მე-ს იერარქიულ სტრუქტურაში. მიდის აზრით, თანამედროვე მეცნიერების მიერ შექმნილი აშკარა განხეთქილება გონებასა და სამყაროს შორის მეთოდოლოგიური აბსტრაქციაა და რომ პრაგმატიზმის მიერ ეს დუალიზმი დაძლეულია იმით , რომ აქ ცნობიერება განიხილება როგორც პრაქტიკული და სოციალური აქტივობიდან წარმოშობილი.

Downloads

გამოქვეყნებული

2026-10-07

ციტირების წესი

მიდი ჯ. ჰ., & ზაქარიაძე ა. (2026). პრაგმატული რეაქციები მეცნიერულად შთაგონებულ დუალიზმზე: ანასტასია ზაქარიაძის თარგმანითა და სამეცნიერო კომენტარებით. ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიმომხილველი, (16), 221–228. Retrieved from https://philosophy.journals.humanities.tsu.ge/index.php/philosophy/article/view/12281

გამოცემა

სექცია

ახალი თარგმანი